ისტორია კრწანისის ბრძოლაზე 
კრწანისის ბრძოლა — 1795 წლის ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთანკრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველების სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა.

                                                                პირველი ბრძოლები

ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და ეიძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ამასთან, ქართველებმა, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების შესაქმნელად. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე კაცს ითვლიდა, აქედან 2 ათასი იმერეთის სამეფოდან იყო, მათ სოლომონ II მეთაურობდა. 9 სექტემბერს, დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია.
10 სექტემბერს, სპარსელებმა ჩათვალეს, რომ სოღანლუღის მხრიდან, ვიწრო საქარავნე გზით წასვლა თბილისისკენ რთული იყო და ამიტომ სომეხი მელიქების რჩევით გადაწყვიტეს თელეთიდან შინდის-ტაბახმელისაკენ ასვლა, იქიდან კი დაშვება კრწანისის ველზე, საიდანაც, სეიდაბადის გავლით იოლად მიადგებოდნენ თბილისს.ამ გზით თაბორის ქედიდანაც შეიძლებოდა პირდაპირ აბანოთუბანში დაშვება. მტრის მეწინავე რაზმმა (3–4 ათასი კაცი) მძლავრად შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა და შინდისს შორის.
10 სექტემბერს, ერეკლეს ბრძანებით ბრძოლას დავით ბატონიშვილი სარდლობდა. მისი რაზმი და არტილერია, თაბორის ქედის სამხრეთ ფერდობებთან, შინდისის მიდამოებში განლაგდა და მიზანში თელეთის ქედის ჩრდილო ფერდობები ამოიღო,რადგან მტერი აქედან უნდა დაშვებულიყო კრწანისის ველისაკენ. კრწანისის ველის მიდამოებში (დაახლოებით იქ, სადაც ახლა ე.წ.სამთავრობო აგარაკები, ოფტალმოლოგიური კლინიკა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებია), მოხერხებულად განთავსდა ოთარ ამილახვრის, იოანე მუხრანბატონის, ზაქარია ანდრონიკაშვილის რაზმები, იმერელთა რაზმი ზურაბ წერეთლის მეთაურობით. ერეკლე, თავისი მებრძოლებით სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის ველის განაპირას იდგა. როდესაც მტერმა თელეთის ქედზე გადმოსვლა დაიწყო, დავითმა მათ მეწინავე რაზმებს ზარბაზნის ცეცხლი დააყარა და დიდად დაზარალებული მტერი რამდენიმეჯერ უკან შეაბრუნა. თუმცა სპარსელებს ახალი, დასვენებული, დიდი ძალა ემატებოდა თელეთის ქედის მეორე მხრიდან. მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა ქართველთა სხვა რაზმებსაც მოუწია. ბოლოს 75 წლის ერეკლემ ბაირაღი აიტაცა, იშიშვლა ხმალი და მომხდური მტრის რაზმების შუაგულში შევარდა, მას შვილიშვილი, სოლომონ მეორეც მიჰყვა. მეფეების თავგანწირვით აღფრთოვანებული ქართველები ლომებად იქცნენ და საღამოსათვის მრავალრიცხოვან მტერს, დიდი დანაკარგით უკან დაახევინეს. მათი განახევრებული რაზმები თელეთის ქედის მეორე მხარეს, თავიანთ ბანაკისკენ გადადევნეს. 10 სექტემბერს ქართველები გამარჯვებული მობრუნდნენ თბილისში.


                                                                       300 არაგველი
სამასი არაგველი — 1795 წლის 11 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა რაზმი, რომელიც შედგებოდა სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვის-პირელი გლეხისაგან. გადმოცემით, მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს რომ ან გაიმარჯვებდნენ ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. მათი მამაცური თავდადება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2008 წლის 27 ივნისის სხდომამ განაჩინა: „1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად. დაიწეროს მათი ხატიტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას საპატრიარქოსთან შეთანხმებით, იზრუნოს კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე.

Comments